პოლიტიკა
ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების პროცესის წლის ბოლომდე დასრულების აუცილებლობაზე საუბრობენ

  საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველომ ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისთვის ყველა მოთხოვნა შეასრულა - ეს განცხადება ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის წევრმა მიხეილ ბონიმ გააკეთა.

 „ყველა მოთხოვნა შესრულებულია, ხმა მივეცით ვიზელიბერალიზაციის სასარგებლოდ, თუმცა, საბჭოს პოზიციით, ურთიერთკავშირშია ვიზალიბერალიზაცია და შეჩერების მექანიზმი. ველოდებით შეჩერების მექანიზმზე მუშაობის დასრულებას. პარლამენტმა მხარი დაუჭირა და ვფიქრობ, რომ საბჭომაც და ევროკავშირის ხელმძღვანელობამაც უნდა დააჩქარონ გადაწყვეტილების მიღება. ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი წლის ბოლომდე დასრულდეს. ჩვენ - პარლამენტარები ვცდილობთ, პროცესი დავაჩქაროთ", - განაცხადა მიხეილ ბონიმ.

 საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრმა პეტრას აუსტრიავიჩუსმაც.

 „დრო ახალ წლამდე გვაქვს, მაგრამ ჯერ ვერ ვხედავ შეთანხმებას უმნიშვნელო დეტალებზე, რომლებიც არ არის საინტერესო ხალხისთვის. ისინი მხოლოდ ელოდებიან, როდის შეძლებენ უვიზოდ გადაადგილებას ევროპაში. ბიუროკრატია და ინსტიტუციებს შორის თამაში პროცესს აფერხებს“, - აცხადებს პეტრას აუსტრიავიჩუსი.