საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
“ჩვენ კარგად ვიცით ის გამოწვევები, რაც საქართველოს აქვს რუსეთიდან გამომდინარე. შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის გადახედვა არ მოხდება ამ კუთხით. ჩვენ ყველანი ველოდებით 9 ნოემბერს და არჩევნების შედეგებს. რაიმე ცვლილებებს საგარეო პოლიტიკური კუთხით არ ველოდებით”, - განაცხადა იან კელიმ.
შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგია გულისხმობს თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებას შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით, - აღნიშნა ასევე აშშ-ის ელჩმა და დასძინა, რომ საქართველოს აქვს მხარდაჭერა ნატო-სგან ამ კუთხით.
„სამი მოკავშირე ქვეყანა შავიზღვისპირეთიდან - ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი, მხარს უჭერენ ამ კუთხით სტრატეგიის განვითარებას. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა შესძინა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს უკრაინასა და ყირიმში განვითარებულმა მოვლენებმა. ყველაფრის განხორციელება მოხდება ერთობლივი მუშაობით და გაძლიერდება რეგიონში სტაბილურობა და თავდაცვა. ამაში, რა თქმა უნდა, საქართველოს როლი იქნება ძალიან დიდი”, - განაცხადა კელიმ.
ამასთან, მან თავდაცვის სამინისტროს გასული 100 დღის შემაჯამებელი საქმიანობის პრეზენტაცია შეაფასა.
„თავდაცვის მინისტრმა წარმოადგინა სტრატეგია, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს სტრუქტურულ რეორგანიზაციას სამინისტრო. აშშ მხარს უჭერს თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას”, - განაცხადა იან კელიმ.