“ნაციონალური მოძრაობის პრობლემა ბოლო ოთხი წლის მანძილზე იყო და არის გაურკვევლობა ლიდერობის საკითხში, რაც ფაქტობრივად ნიშნავდა გაურკვევლობას პარტიაში მიხეილ სააკაშვილის სტატუსთან დაკავშირებით” – პოლიტოლოგოგი გია ნოდია “ნაცონალურ მოძრაობაში” მიმდინარე მოვლენებს აფასებს.
“დღევანდელი კრიზისის ფონზე პარტიამ ორ ცეცხლს შორის უნდა გაიაროს. არის ორი უკიდურესობა, რომელთაგან ორივე არასწორია. ერთი შეცდომაა სააკაშვილისგან გამიჯვნა. ეს შეცდომაა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინას გაუხარდება (თუმცა, ცხადია, გაუხარდება), არამედ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის სააკაშვილი რეალურად არის პარტიის ბრენდი (კონკრეტულად რამდენი პროცენტია, ვისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ უპირველეს ყოვლისა მიშაა, არავინ იცის, რადგან საკითხი ასე არასოდეს დამდგარა, ამიტომ პროცენტებს ტყუილუბრალოდ ნურავინ აბრეხვებს. მთავარია, რომ ასეთი დიდი ნაწილია). გამიჯვნა ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორადაც ჩვენ ვიცით, აღარ იარსებებს (მის სახელს ვინ „დაითრევს“, დიდი მნიშვნელობა არა აქვს). ვერც დღევანდელი პოლიტსაბჭო მიშას გარეშე, და ვერც ოდესიდან მოქმედი მიშა ძველებურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვეღარ აღადგენს (თუ რომელიმეს აქვს ამის ილუზია, ცდება). სავსებით შესაძლებელია, „ნაციონალიური მოძრაობა“ დაიშალოს, მაგრამ სიტუაციაში, როდესაც ის საქართველოში დემოკრატიის და პოლიტიკური რაციონალობის ძირითადი იმედია, ეს ძალიან ცუდი იქნება. ქვეყანა არ დაიქცევა, მაგრამ ძალიან ცუდი იქნება.
მეორე შეცდომაა აზრი, თითქოს სააკაშვილს ოდესიდან ისევე შეუძლია პარტიას უხელმძღვანელოს, თითქოს თბილისში იყოს, ან რომ მისი სიტყვა პარტიისთვის კანონი უნდა იყოს. ეს შეცდომაა იმიტომაც, რომ ბელადომანია ცუდია (ერთ კაცზე ჩამოკიდებული „ოცნება“ რომ გვყავს, ისიც საკმარისია) და იმიტომაც, რომ არასწორიცაა და პრაქტიკულად შეუძლებელიც, ერთი ქვეყნის ერთ-ერთი ოლქის გუბერნატორმა მეორე ქვეყანაში ძირითად ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას ეფექტურად მართავდეს. ეს უბრალოდ არ გამოვა, რაც გინდა პირადად მიშას ერთგული ხალხი იყოს თბილისის ხელმძღვანელობაში (თუ მსოფლიო ისტორიიდან ვინმეს გახსოვთ მაგალითები, მომაწოდეთ). ისიც გვეყოფა, რომ ღმერთმა იცის, საიდან და როგორ მართავს ჩვენს ქვეყანას ერთი კაცი.
რა ფორმულა უნდა იყოს, რომ სააკაშვილსაც თავისი ადგილი ჰქონდეს პარტიაში და პარტიასაც ჰქონდეს ქმედუნარიანი სახელმძღვანელო ორგანოები, მე არ ვიცი. პირადად მიხეილ სააკაშვილმაც და (კოლექტიურად) თბილისში მყოფმა პარტიის ლიდერებმაც ძალიან დიდი სიბრძნე და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გამოავლინონ, რომ გამოსავალი მონახონ. მარტივი გადაწყვეტების ცთუნება ამ შემთხვევაში დამღუპველია. რეალურად ვინ რას იზამს, ვნახოთ.” – წერს გია ნოდია.