პუბლიკაციები
სავალებულო სამხედრო სამსახურის ახალი სისტემა ძველისგან მნიშვნელოვნად და თვისობრივად განსხვავდება

   სავალდებულო სამხედრო სამსახური განახლებული სახით აღდგება. თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება უცხოელ პარტნიორებთან და ექსპერტებთან 3-თვიანი აქტიური თანამშრომლობის შედეგად მიიღო. ვადიანი სამხედრო მოსამსახურე 3 თვის განმავლობაში, საკონტრაქტო მოსამსახურის მსგავსად, სრულფასოვან საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლის, რაც ერთი წლის შემდეგ მისი მაღალანაზღაურებად საკონტრაქტო სამსახურში ავტომატურად ჩარიცხვის საფუძველი გახდება. გარდა ამისა, სამთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების გავლის შემდეგ, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს, გარდა სამხედრო განწესში ყოფნისა, ყოველდღიურად ექნებათ საბრძოლო მომზადების საათები, ისევე როგორც ამას საკონტრაქტო სამსახურში გადიან. წვევამდელები გაივლიან აქტიურ თეორიულ და პრაქტიკული მეცადინეობებს, რაც თვისობრივად განსხვავებული მიდგომა იქნება, მანამდე არსებული სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოდელთან. ვადიან სამხედრო მოსამსახურეს  უქმე დღეებში დასვენების უფლება ექნება, რაც მანამდე შეზღუდული იყო. წვევამდელის ყოველთვიური ანაზღაურება ძველი სისტემით არსებული 7 ლარის ნაცვლად  50 ლარით განისაზღვრება.

თავდაცვის სამინისტრო წვევამდელებს გაზაფხულზე მიიღებს. მანამდე კი  სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირებისთვის დამატებითი შეღავათების საკითხზე თავდაცვის უწყებაში ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება.

თავდაცვის სამინისტროში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის აუცილებლობა  რამდენიმე გარემოებით არის განპირობებული.

პირველ რიგში, ეს არის ეროვნული თავდაცვის კონცეფცია. დოკუმენტში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ეროვნულ დონეზე მზადყოფნაა, რაც საქართველოს მსგავსი მცირე ერებისთვის საფრთხეების შეკავების მიზნით აუცილებელია.

სავალდებულო სამსახურის აღდგენით დაიზოგება თანხა - თუ ერთ საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეზე სახელმწიფოს წელიწადში 27 000 ლარი ეხარჯება, ვადიან მოსამსახურეზე 9000 ლარი იქნება საკმარისი.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში  სავალდებულო  სამხედრო სამსახურის აღდგენით სამხედრო ქვედანაყოფები ნატოს სტანდარტების შესაბამისად  სრულფასოვნად დაკომპლექტდება.

სავალდებულო სამსახურის აღდგენა ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას.

ნატოს და ამერიკელ ექსპერტებთან აქტიური კონსულტაციით, შექმნილი პრობლემებიდან და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე ეს მიდგომა გადაიხედა და კიდევ უფრო პროფესიული ჯარის შესაქმნელად გადაწყდა წვევამდელების მაღალ დონეზე მომზადება, რათა მათ ვადიან სამსახურში მიღებული ცოდნით, საბრძოლო მომზადებით და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, სრულფასოვანი და კვალიფიციური რეზერვი შექმნან, და თავის მხრივ, გარანტირებული მაღალანაზღაურებადი საკონტრაქტო სამსახური მიიღონ.

„საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შედეგად მივიღე გადაწყვეტილება, რომ აღმედგინა წვევამდელების გაწვევის სისტემა, რომელიც დროებით იყო შეჩერებული. საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისთვის წვევამდელთა სისტემა აუცილებელია. მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი გახლავთ ის, რომ წვევამდელთა სისტემა გაცილებით იაფია, ვიდრე საკონტრაქტო სისტემა. ჩვენ არ გვინდა, ძველ სისტემას დავუბრუნდეთ და გარკვეული ნოვაციებით წარვსდეგით საზოგადოების წინაშე. მნიშვნელოვანი ნოვაცია გახლავთ ის, რომ წვევამდელი მიიღებს ისეთივე საბაზისო მომზადების კურსებს, როგორც საკონტრაქტო მოსამსახურე. მას ექნება განცდა, რომ არის სრულფასოვანი ჯარისკაცი. მისი ინდივიდუალური მომზადების დონე მოგვცემს, სწორედ, ჩვენი საბრძოლო დანაყოფების საბრძოლო მომზადების მაღალ ხარისხს“, -  განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სავალდებულო სამხედრო გაწვევის აღდგენას მიესალმება  პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. თუმცა, მისივე თქმით, აუცილებელია, საერთო კომპლექსური სურათის დანახვა, რადგან წვევამდელები მსახურობენ არამხოლოდ შეიარაღებულ ძალებში, არამედ სხვა უწყებებშიც და მათი ერთგვარი შეთავსება სამხედრო სარეზერვო სამსახურთან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. „ნებისმიერი ჯარისკაცი არის სამხედრო რეზერვისტი და მათი მომზადება უნდა იყოს ადეკვატური, რათა თავსებადი იყოს ძირითად არმიასთან“,- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

სავალდებულო სამხედრო სამსახური არსებობს თითქმის ყველა მცირერიცხოვან ქვეყანაში, რომელიც საქართველოს მსგავსი საფრთხეების და გამოწვევების წინაშე დგას. სავალდებულო სამსახური მოქმედებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მათ შორის ლიტვაშიც, რომელმაც დროებით შეაჩერა გაწვევა და აუცილებლობის გამო კვლავ აღადგინა. მსგავსი სისტემის აღდგენას 2018 წელს აპირებს შვედეთიც.