პოლიტიკა
საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილი იქნება! - პრემიერი კვირიკაშვილი

  საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ნატოს ეგიდით შავი ზღვის აუზის ქვეყნების რეგიონული უსაფრთხოების სისტემის შექმნის თემის კომენტირებისას განუცხადა.

 პრემიერის თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში საქართველო ჩართულია, რაც ნატოს სამიტზე განისაზღვრა და მას შემდეგ ამ მიმართულებით კონსულტაციები არ წყდება.

 მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, საქართველო, შესაძლოა, პატრულირებასა და სხვა ასეთი ტიპის ოპერაციებში ჩაერთოს.

 „ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს პროცესი ნატოში ჩვენი ინტეგრაციის განუყოფელი ნაწილია“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 ჩვენ მხარს დავუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კომენტირებისას განაცხადა.

 „აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო გასული 25 წლის განმავლობაში. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ამერიკასთან შემდგომი 25 წლის პარტნიორობის თაობაზე, რაც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.