საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. ქალაქ ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა „პარანოიდალური ბოდვა“ უწოდა ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას არკადიაში დოქსის ძველი აგარაკის აღების შესახებ. მერმა ასევე აღნიშნა, რომ არ უყვარს სააკაშვილის „კრუნჩხვებზე“ კომენტარის გაკეთება, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში გაჩუმება არ შეუძლია.
„მას კვალიფიციური დახმარება სჭირდება, სხვაგვარად თავს დაიღუპავს. ოდესამ დოქსის აგარაკი დაკარგა, რომელიც ოდესღაც არქიტექტურის ძეგლი იყო. თუმცა, უნდა გაირკვეს, ეს როგორ მოხდა, წელიწად–ნახევარი ქვეყანაში პოლიტიკური გასტროლების ჩატარების ნაცვლად. ნაკლებად რომ იყოს ამით დაკავებული, აღმოაჩენდა, რომ სწორედ მისი უწყება არის ამ საკითხებით დაკავებული“, – განაცხადა ტრუხანოვმა.
ტრუხანოვმა განაცხადა, რომ ქალაქელებმა რეაგირება არ უნდა მოახდინონ „არაჯანსაღ, აშკარად ავადმყოფ ადამიანებზე“, რომლებსაც სააკაშვილი მიეკუთვნება. „მხოლოდ ძლიერ ადამიანს შეუძლია თავისი შეცდომების აღიარება. სააკაშვილი მათ რიცხვს არ განეკუთვნება. მისი მოწოდებებით ხელისუფლების დამხობისკენ სამართალდამცავები უნდა დაკავდნენ. მე მოვუწოდებ ოდესელებს მშვიდობისკენ, სიმშვიდისკენ და ქალაქისადმი ფრთხილი დამოკიდებულებისკენ“, – აღნიშნა ტრუხანოვმა.
მან ასევე „ნულოვანი“ უწოდა ოდესასა და ოლქში სააკაშვილის გუნდის ბობოქარ საქმიანობას, რომელმაც მშობლიურ საქართველოში არჩევნები მწარედ წააგო. „ეს პოლიტიკური ნაგავი მე მასწავლის, როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენს ქალაქში?“ – დასძინა ოდესის მერმა.