საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. ის საფინანსო კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ კონტროლდება ეროვნული ბანკის მიერ, შესაძლოა, ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში აბანდებენ. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული.
ეროვნულმა ბანკმა, მთავრობასთან ერთობლივი მუშაობის შედეგად მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც აღნიშნული საკითხის შესაბამის ჩარჩოში მოქცევას ითვალისწინებს და რომლის განხილვას ახალი მოწვევის პარლამენტი, სავარაუდოდ, შეკრებისთანავე დაიწყებს.
"საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. აღნიშნული ეხება სხვადასხვა იურიდიული პირის მხრიდან მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირების სანაცვლოდ თანხების სესხის ან თამასუქის სახით მოზიდვას. ასევე, თანხის დაბანდებამდე აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი, სხვა თანაბარ პირობებში, გულისხმობს მაღალ რისკს", - ნათქვამია განცხადებაში.