საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მკვლელობა რიტუალური იყო, რომელშიც მოკლულის შვილიც მონაწილეობდა.
„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ირმა ყ., ბექა შ. და ნინა ჩ. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო ავთანდილ ა. და დათა კ. ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.
სამმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს ირმა ყ-სა და ლუბა ყ-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში ბრალდებულ ირმა ყ-ს დედა - ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.
იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს მოხდა მკვლელობის, გვამის დანაწევრებისა და დაწვის ადგილების დათვალიერება, საიდანაც ამოიღეს უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, დაიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა გენეტიკური (დნმ) ექსპერტიზა, ამოღებულია ვიდეოჩანაწერები და სხვა.
აღნიშნულ საქმეზე განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დაკავებულ ბრალდებულთაგან ორი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.