პოლიტიკა
მემარცხენე ალიანსი ნათელაშვილი–სააკაშვილის ძირგამომთხრელი საქმიანობის წინააღმდეგ გაერთიანებას სთავაზობს

  საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. "მემარცხენე ალიანსის" პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე არასაპარლამენტო ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ერთობლივი რეკომენდაციების შემუშავებისკენ მოუწოდებს. "პირველის პრესკლუბში" გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა ჯიბლაძემ აღნიშნა, რომ "მემარცხენე ალიანსი" ერთობლივი ინიციატივების შემუშავებას ყველა იმ პარტიას სთავაზობს, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ "ნაციონალურ მოძრაობასა" და მიხეილ სააკაშვილთან.

 "შალვა ნათელაშვილი ცდილობს, ვითომ ოპოზიციური პარტიების შემოკრებით, ქვეყანაში წინააღმდეგობის მოძრაობა დაიწყოს და ის ბინძური საქმე შეასრულოს, რომელიც დესტაბილიზაციას ემსახურება. ლეიბორისტული პარტიის ოფისში იმყოფებოდნენ არჩევნების ცნობილი გამყალბებელი ზურაბ ხარატიშვილი და პაატა დავითაია, რომელთანაც პარტიის სამი თუ ოთხი წევრი ირიცხება.

 მიხეილ სააკაშვილს თავისი ხელის ბიჭების მეშვეობით არ გამოუვიდა ის, რომ პოლიტიკური პარტიები შეკრებილიყვნენ და არეულობასა და დესტაბილიზაციაზე ეფიქრათ.

 ამის საპასუხოდ "მემარცხენე ალიანსი" ქვეყანაში არსებულ ყველა ჯანსაღ პარტიას მიმართავს, დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ ქვეყანას ნორმალური კონსტიტუცია ჰქონდეს და ის საკანონმდებლო აქტები განახორციელოს, რასაც არჩევნებამდე მოსახლეობას ვპირდებოდით", - განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.