სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

  საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ლაშა შ. დააკავეს.

 2016 წლის ოქტომბრის თვეში ლაშა შ. აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დახმარებით ქ. თბილისის ტერიტორიაზე მიიღებდა საცხოვრებელ ბინას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 6000 აშშ დოლარი. მიმდინარე წლის 2 ნოემბერს ლაშა შ-მ აღნიშნულ პირს მოტყუებით, თაღლითურად გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 3000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.