პოლიტიკა
კონსტანტინე გამსახურდია: “პატრიოტთა ალიანსი” რომ პრორუსული ძალა ყოფილიყო, მათთან არასდროს დავბლოკდებოდი!

  საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. "პრორუსულობა არის "ნაციონალური მოძრაობის" და "ოცნების" მიერ მოფიქრებული კლიშე, რომლებმაც გაიყვეს მთელი პოლიტიკური სპექტრი.  მათ არ სურთ სხვა, მესამე ძალა გააჭაჭანონ პოლიტიკაში. მათ შეუძლიათ, თავისუფლად დაგარქვან პრორუსული და აბსოლუტურად არ დაგიდევენ რამე არგუმენტის მოყვანას. ისინი მზად არიან, პრორუსულობის იარლიყი მიაკერონ ყველას, ვინც მათ არ მოსწონთ ან ვისაც შეუძლია, დაარღვიოს მათი აბსოლუტური ორპარტიულობა  და ამ დროს აბსოლუტურად არ დაგიდევენ, რას ფიქრობს დავით თარხან-მოურავი ან “პატრიოტთა ალიანსის” სხვა ლიდერები დასავლეთთან ინტეგრაციაზე და ნატოსთან თანამშრომლობაზე. აბსოლუტურად არ აინტერესებთ, რომ ალიანსში ორივე ამ საკითხს დადებითად განიხილავენ. ეს პრორუსულობის თეორია უკვე იმდენად გავრცელებულია ჩვენს საზოგადოებაში, რომ აზრიც არ აქვს ბევრი ადამიანისთვის იმის მტკიცებას, რომ აქ არ არის ასეთი პრორუსულობა. ეს რომ ასე ყოფილიყო, მე ნამდვილად არ გადავდგამდი ასეთ ნაბიჯს!", - აღნიშნული განცხადება პარტია „თავისუფლების“ ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის თოქშოუ „არგუმენტების დროში“ გააკეთა.