საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ბილ კლინტონის შესახებ დოკუმენტები გამოაქვეყნა. უწყების მიერ გამოქვეყნებული 129-გვერდიანი მასალა აშშ-ის პრეზიდენტის ბილ კლინტონის მიერ 2001 წელს დემოკრატიული პარტიის სპონსორის, ფინანსისტის მარკ რიჩის შეწყალების სადაო გადაწყვეტილებას ეხება.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ 2005 წელს დასრულდა. თუმცა დოკუმენტები აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გამოქვეყნდა.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დოკუმენტების პუბლიკაცია ბიუროს მიერ მიღებული არაერთი თხოვნით ახსნა.
ბილ კლინტონთან დაკავშირებული გამოძიების მასალების გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე უწყების ხელმძღვანელმა ჯეიმს კომიმ განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აღმოაჩინა ახალი წერილები, რომლებსაც შესაძლოა, ჰილარი კლინტონის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნის დროს მიმოწერისას კერძო საფოსტო სერვერის საქმეს ეხებოდეს.
პასუხად აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა განაცხადა, რომ თავის სიმართლეში დარწმუნებულია. ჰილარი კლინტონი მიიჩნევს, რომ ახლახანს აღმოჩენილი ელექტრონული წერილების შესწავლა მის წინააღმდეგ გამოძიების განახლებას არ გამოიწვევს. კლინტონმა ასევე დაგმო გამოძიების ფედერალური ბიუროს გადაწყვეტილება, საჯაროდ განაცხადოს ელექტრონული წერილების საქმის გამძოიების განახლების შესახებ მათი მნიშვნელობის დადგენის გარეშე.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოძიების ფედერალური ბიუროს ქმედებებმა დემოკრატიული პარტიის სხვა წევრების უკმაყოფილებაც გამოიწვია. სენატში დემოკრატთა ფრაქციის ხელმძღვანელმა ჰარი რიდმა უწყების ხელმძღვანელი ჯეიმს კომი კანონის დარღვევაში დაადანაშაულა.