საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სულხან მოლაშვილის ოჯახს სოფელ წავკისში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი დაუბრუნდა.
2004 წლის 23 აპრილს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 2004 წლის ივლისში სულხან მოლაშვილის ძმას თორნიკე მოლაშვილს დაუკავშირდნენ პროკურატურიდან და სულხან მოლაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის არასაპატიმრო სასჯელით შეცვლის სანაცვლოდ, მოსთხოვეს წავკისში მდებარე ერთ-ერთი აგარაკის შეძენა და შემდგომში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა.
სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრებმა ბანკიდან აიღეს სესხი და შეთანხმებისამებრ 140 000 ლარად შეიძინეს წავკისში მდებარე აგარაკი, რომელიც იმავე დღეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.
მიუხედავად მათ მიერ მოთხოვნის შესრულებისა, სულხან მოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვალა და საპატიმრო დაწესებულებიდან მისი გათავისუფლება მაინც არ მოხდა.