პოლიტიკა
ნოღაიდელის ბედი „ბედობის“ დღეს – 15 იანვარს გადაწყდება

nogaმოძრაობის ,,სამართლიანი საქართველოსთვის” აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის - ზურაბ ნოღაიდელისა და გამგეობის ყოფილი წევრების ბედი ექსპრემიერის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადაწყდება. საქინფორმის ინფორმაციით, ზურაბ ნოღაიდელი ამერიკიდან 14 იანვრისთვის დაბრუნდება.

მოძრაობის „სამართლიანი საქართველოსთვის“ გამგეობის ყოფილი წევრები იუსტიციის სამინისტროს გუშინდელ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ პარტიის განდგომილი წევრების განცხადება იუსტიციის სამინისტროს განუხილველად უნდა დაეტოვებინა, რადგან ისინი უფლებამოსილი პირები არ არიან.

„გუშინდელი მაგალითი კიდევ ერთი დადასტურებაა იმ უკანონობისა, რომელიც გამეფებულია ქვეყანაში და რომელზეც არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება ჩვენს მოძრაობას. მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ამჟამად არ იმყოფება საქართველოში. მისი დაბრუნების შემდეგ გამგეობა იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი მოქმედებების შესახებ“, – აცხადებენ ექსპრემიერის მხარდამჭერები.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პარტიის ვებგვერდზე განთავსებულ ერთ–ერთ განცხადებაში, რომელიც გუშინ დაღუპული სამხედროების ოჯახების მისამართით გამოთქმულ სამძიმარს ასახავს, ექსპრემიერი კვლავ პარტიის მოქმედ ლიდერადაა მოხსენიებული. მაგრამ როგორ აპირებს ნოღაიდელი პოსტის შენარჩუნებას, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ნოღაიდელთან დაპირისპირებულმა თანაპარტიელებმა იუსტიციის სამინისტროს პარტიის ახალი შემადგენლობის რეგისტრაციის თხოვნით გასული წლის ბოლოს მიმართეს, რომელშიც ნოღაიდელი პარტიის არა თავმჯდომარედ, არამედ გამგეობის წევრად მოიაზრება; ისიც, როგორც საორგანიზაციო ჯგუფის წევრები, აცხადებენ, მანამდე დარჩება გამგეობაში, სანამ დავალიანებას არ გადაიხდის. იუსტიციის სამინისტრომ მათი მოთხოვნა გუშინ დააკმაყოფილა, რის შედეგადაც პარტიაში გამგეობის ყოფილი წევრებიდან მხოლოდ ნოღაიდელი და მასთან დაპირისპირებული პარტიის წევრი სერგო ჯავახაძე დარჩნენ. სათავეში კი განახლებულ პარტიას, სავარაუდოდ, სწორედ ეს უკანასკნელი ჩაუდგება.

ყოფილ პრემიერს თანაპარტიელებმა უნდობლობა მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც წინასაარჩევნოდ ჩატარებული “კარდაკარის” მონაწილეებზე კუთვნილი ხელფასები არ გასცა.