საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. მოსკოვის არბატი რუსეთის დედაქალაქის ერთ–ერთ ულამაზეს ქუჩას წარმოადგენს. უწინ არბატის №42–ში საქართველოს კულტურის ცენტრი მდებარეობდა (აიგო ჯერ კიდევ სსრკ–ს დროს, ხოლო სსრკ–ს დაშლის შემდეგ საქართველოს იურიდიულ უწყებას გადაეცა). ეს იყო სახლი, სადაც იკრიბებოდნენ არა მარტო ქართველები, არამედ ყველა, ვისაც ეს მშვენიერი ქვეყანა უყვარდა.
მაგრამ დადგა 2006 წლის სექტემბერი – ეს იყო დიასპორის ცხოვრების შავბნელი დღე. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით გაიყიდა საქართველოს კულტურის ცენტრი „მზიური“ არბატზე. შედეგად, ქუჩაში აღმოჩნდნენ ანსამბლები, ვოკალური სტუდიები, საბავშვო საჭადრაკო კლუბი და საერთოდაც, რუსეთის ქართველებმა დაკარგეს თავისი კულტურის ცენტრი არბატზე. უმუშევარი დარჩა რამდენიმე ათასი ადამიანი. მიუხედავად დიასპორის მრავალრიცხოვანი წერილებისა, თხოვნით, შეენარჩუნებინათ კულტურის ცენტრი, სააკაშვილი ულმობელი აღმოჩნდა. ორსართულიანი სარდაფიანი შენობა, საერთო ფართით 3138,1 კვ/მ თბილისში აუქციონზე გაიყიდა.
გავიდა 10 წელი და ყოფილი საქართველოს კულტურის ცენტრის შენობა ჭუჭყიან ყვითელ საშინელ ნანგრევებად იქცა, რომელიც მშვენიერ არბატს ამახინჯებს. არაფერი ახალი იქ არ გახსნილა, შენობის ქვედა იარუსი კი ადგილობრივი მაწანწალებისთვის ფაქტობრივად ტუალეტად იქცა.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, რომელიც კონფრონტაციის პოლიტიკიდან დიალოგსა და რეალური პრობლემების გადაჭრაზე გადავიდა, შესაძლებლობა აქვს, გამოასწოროს წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული ტრაგიკული შეცდომები. ქართული ცენტრის აღდგენა მოსკოვში წარმოადგენს დიასპორის წინაშე მდგარ მთავარ საკითხს და მრავალ ადამიანს ამ საკითხში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების იმედი აქვს.