სამართალი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 12 მოსამართლე უვადოდ დანიშნა

  საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. საბჭოს სხდომაზე იმ მოსამართლეების დანიშვნას უყარეს კენჭი, რომელთაც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა მომდევნო თვეში ეწურებათ.

 12-ივე მოსამართლემ საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობა მოიპოვა. სააპელაციო და საქალაქო რაიონულ სასამართლოებში უვადოდ დანიშნული მოსამართლეები არიან: ნატალია ნაზღაიძე, გიორგი მიროტაძე, გერმანე დადეშქელიანი, ნინო შარაძე, მერაბ ღვინიაშვილი, ნანა ჯანხოთელი, გოჩა ფუტკარაძე, ხათუნა ხომერიკი, ნანა ჭიჭილეიშვილი, მურთაზ მეშველიანი, ციცინო კიკვაძე და ლევან მიქაბერიძე.

 რაც შეეხება გახმაურებული საქმეების მოსამართლეებს, გერმანე დადეშქელიანმა საბჭოს 13 წევრის მხარდაჭერა მიიღო, ერთის წინააღმდეგ. ის  სასამართლო სხდომებს უძღვებოდა 7 ნოემბრის საქმეზე გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილისთვის წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით.

 საბჭოს ყველა წევრის მხარდაჭერა მიიღო ნატალია ნაზღაიძემ, რომელიც სააპელაციო სასამართლოში „რუსთავი 2“- ის საქმეზე კოლეგიის თავმჯდომარე იყო.

 მოსამართლეთა დანიშვნა ღია კენჭისყრით მიმდინარეობდა, სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ, ხოლო ჟურნალისტებს სხდომაზე დასწრების უფლება არ მიეცათ და პროცესს სპეციალურად გამოყოფილ მონიტორზე ადევნებდნენ თვალს.