სამართალი
პროფკავშირი „მარშრუტკების“ ფასის ზრდაში სატრანსპორტო ადმინისტრაციას ადანაშაულებს

marshruti2საქართველოს ტრანსპორტის და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარეს ლავრენტი ალანიას მიაჩნია, რომ სამარშრუტო ტაქსების ტარიფის ზრდაში დამნაშავე საქართველოს ტრანსპორტის ადმინისტრაციაა.

"ტრანსპორტის სფეროში ვითარება დღემდე დაურეგულირებელია. ტრანსპორტის ადმინისტრაცია დღემდე არ ახორცილებს კონტროლს აღმოსავლეთისა და დასავლეთის  საქალაქთაშორისო გადაზიდვებზე. ამ მიმართულებით მუშაობენ ე.წ. "მტაცებლები" ანუ დაურეგისტრირებელი მანქანები, რომელთა მფლობელები, არ იხდიან გადასახადებს, რის შედეგადაც ზარალდებიან მშრომელი მძღოლები", - განაცხადა ალანიამ 11 იანვარს მოწყობილ ბრიფინგზე.

საქართველოს ტრანსპორტის და გზების მუშაკთა პროფკავშირების თავჯდომარის აზრით, სამარშრუტო რეისები არათუ კერძო პირებმა, არამედ თვითმართველობებმა უნდა დაამტკიცონ.

"უახლოეს მომავალში მგზავრობის საფასურის გაძვირება არა მხოლოდ რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზებზე, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით იგეგმება. ამ ყველაფერში დამნაშავე სატრანსპორტო ადმინისტრაციაა, რომელსაც დღეისათვის არავითარი ფუნქცია არ აქვს და ტრანსპორტის სექტორში არსებული პრობლემებით არ ინტერესდება", - აცხადებს ალანია და დასძენს, რომ სატრანსპორტო ადმინისტრაცია მგზავრობის საფასურის დარეგულირებაში უნდა ჩაერიოს.
ამასთან, ალანიას მტკიცებით, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასური ჯერჯერობით სამარშრუტო ტაქსების მხოლოდ 10%-მა გაზარდა.
"როგორც ჩემთვისაა ცნობილი, მგზავრობის საფასური მხოლოდ მძღოლების მცირე ნაწილმა გაზარდა, ამასთან, ზოგმა მხოლოდ 1 საათით გააძვირა. აღნიშნული საკითხის უფრო ღრმად შესასწავლად ეხლა რუსთავის მერს მამუკა ჩიქოვანს უნდა შევხვდე და არსებული სიტუაცია ადგილზე გავარკვიო", - აღნიშნა ალანიამ.