სამართალი
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 71-ე შეხვედრა გაიმართა

  საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი.  ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებსაც ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ზოლზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაფიქსირებული მავთულხლართები, ღობეები თუ სხვა ხელოვნური ბარიერები უქმნის.

საუბარი ასევე შეეხო ცხინვალის ე.წ. ციხეში ამჟამად მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხს. ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ხაზი გაესვა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის უპირობო გათავისუფლების საჭიროებას.

შეხვედრაზე ცენტრალურმა ხელისუფლებამ ასევე ისაუბრა ცხელი ხაზის მეშვეობით ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გაცვლის აუცილებლობაზე, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს აღნიშნული საკომუნიკაციო არხის პრაქტიკულობასა და ეფექტიანობას.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 30 ნოემბერს გაიმართება.