უცხოეთი
აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელმა პუტინის მთავარი მიზანი დაასახელა

  საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორი ჯეიმს კლეპერი ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს რუსეთის მიმართ ისეთი დამოკიდებულება ჰქონდეს, როგორც ზესახელმწიფოს მიმართ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

 კლეპერს დაუსვეს კითხვა, ხომ არ მიიჩნევს ის, რომ რუსეთი საკუთარი თავის ზესახელმწიფოდ აღქმას იმიტომ იწყებს, რომ აშშ თავის პოზიციებს თმობს.

 „ისტორიის ბუნებრივი მსვლელობა ისაა, რომ ცივიომისდროინდელი ორპოლარული სისტემიდან საერთაშორისო ურთიერთობების მრავალპოლარულ კონსტრუქციაზე გადავედით, სადაც ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი, თავს ხედავენ, როგორც თუ არა დომინანტ, მნიშვნელოვან ქვეყნად მაინც. ისინი არიან კიდეც ასეთნი“, — განაცხადა კლეპერმა საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას.

 მისი თქმით, საუბარი არაა რაიმე ვაკუუმზე. კლეპერმა აღნიშნა, რომ „ეს ისტორიული პროცესია, რომელზეც შეგვიძლია გავლენის მოხდენა“.

 რუსეთის ლიდერის მიზნებზე დასმული კითხვის პასუხად კლეპერმა განაცხადა, რომ პუტინს რუსეთზე, როგორც ზესახელმწიფოზე, თავისი შეხედულება ამოძრავებს.

 „ვფიქრობ, რომ ის რუსეთს დიდ, ზესახელმწიფოდ აღიქვამს. მისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ აშშ რუსეთს ისე მოექცეს, როგორც ზესახელმწიფოს“, — აღნიშნა კლეპერმა. მან რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს „დაძაბული“ უწოდა და აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის, სირიისა და უკრაინის საკითხებთან მიმართებით, უთანხმოება კვლავ რჩება.