საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი: მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშით Doing Business 2017 საქართველომ მე-16 ადგილზე გადაინაცვლა

  საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

 "ჩვენ შარშანდელი მონაცემები ერთბაშად 7 ადგილით გავაუმჯობესეთ და შესაბამისად, საქართველო Doing Business 2017-ის რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებს. ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო მესამე ადგილზეა უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის, მაკედონიისა და ლატვიის შემდეგ. საქართველოს წლევანდელი წარმატება განაპირობა ქვეყნის მთავრობის კოორდინირებულმა და ეფექტიანმა მუშაობამ. მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში რეიტინგის მიზნებისთვის აღიარებული 5 რეფორმით საქართველო მსოფლიოში 190 ქვეყანას შორის კვლავ 10 ტოპ-რეფორმატორთა რიცხვშია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 მისივე თქმით, წინა წელთან შედარებით, 2017 წელს საქართველომ გადაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა გერმანია (მე-17 ადგილი), ირლანდია (მე-18 ადგილი), ავსტრია, ისლანდია, ლიტვა, კანადა, მალაიზია, პოლონეთი, პორტუგალია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ნიდერლანდები, საფრანგეთი, სლოვენია, შვეიცარია, ესპანეთი, სლოვაკეთი, იაპონია, თურქეთი, უკრაინა და სხვა.