უცხოეთი
გაერო - "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები მოსულის მშვიდობიან მოსახლეობას სიკვდილით სჯიან

  საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. გაერო აცხადებს, რომ  “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები ერაყის ქალაქ მოსულში მშვიდობიან მოსახლეობას სასტიკად უსწორდებიან. როგორც ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე გაერო-ს კომისრის სამმართველოში აცხადებენ, ექსტრემისტების მსხვერპლთა შორის არიან ბავშვები.

 გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ საფინაში ისლამისტებმა 15 მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს, ცხედრები კი მდინარეში გადააგდეს. ამასთან, ექვსი ადამიანი გამოაბეს მანქანას, რომელიც ქუჩებში ატარეს. გაერო-ს მონაცემებით, ისლამისტებმა სიკვდილით დასაჯეს ტყვედ აყვანილი 50 ერაყელი სამხედრო.

 ამას გარდა, გაერო-ში აცხადებენ, რომ მიიღეს ინფორმაცია “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების მიერ მოსახლეობის “ცოცხალ ფარად” გამოყენების შესახებ.

 17 ოქტომბერს ერაყის უსაფრთხოების ძალებმა და ქურთთა რაზმებმა მოსულის ექტსრემისტებისგან გასათავისუფლებლად ოპერაცია დაიწყეს. მათ მხარდაჭერას უწევს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის ავიაცია. “ისლამურმა სახელმწიფომ” ქალაქი მოსული 2014 წელს დაიკავა. უფლებადამცველების ინფორმაციით, მოსულის მიმდებარე რაიონები ბოლო 10 დღის განმავლობაში 10 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.