საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან ერთად თელავში ბატონის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
რეგიონული განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მიზანი ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნებაა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას კახეთის რეგიონში.
სასახლის ტერიტორიაზე დასრულებულია აივნების სვეტების მონტაჟი და კირით ლესვითი სამუშაოები. დერეფნები და დარბაზის იატაკები აგურითა და ქართული ქვით მოპირკეთდა. ამჟამად მიმდინარეობს ვიტრაჟებისა და განათების მონტაჟი. სასახლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 1 871 893 ლარია, სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
ბატონის ციხის რეაბილიტაციის პარალელურად, ბატონის ციხის მუზეუმის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2017 წლის გაზაფხულზე იგეგმება. პროექტის ღირებულება 5 000 000 ლარს აღწევს.