აქტუალური
გუშაგმა ყველა ნორმის დაცვით, აბსოლუტური სიზუსტით იმოქმედა – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეორე განცხადება

  საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ახალ განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

 „23 ოქტომბერს წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის „კრწანისის“ ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის ფაქტზე დაწყებული გამოძიება გრძელდება.

 ამ დროისთვის დგინდება იმ პირთა წრე, ვისთან ერთადაც მოქმედებდა ბაზის ტერიტორიაზე შეჭრილი .., რომლის ცხედარიც შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, ბაზასა და  დასახლებას შორის არსებულ პერიმეტრზე იქნა აღმოჩენილი.

 შემთხვევა მოხდა ბაზის უკანა შიდა პერიმეტრზე. გუშაგი იმყოფებოდა არა საგუშაგოში, არამედ ახორციელებდა განწესით გათვალისწინებულ შემოვლას. სწორედ შემოვლის დროს მან შენიშნა ბაზის შიგნით შესული უცხო პირები, რომლებიც სიტყვიერად გააფრთხილა, შეჩერებულიყვნენ. მას შემდეგ, რაც  ერთ-ერთმა პირმა გუშაგს რკინის ცეცხლმაქრი ესროლა, მან ჰაერში განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა და  როდესაც დაინახა, რომ ადგილი ჰქონდა დაუმორჩილებლობას, მხოლოდ მას შემდეგ მოხდა სროლა უცნობი პირების მიმართულებით.

 თავდაცვის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, სურვილის და ინტერესის შემთხვევაში ოჯახს მისცეს ინფორმაცია მომხდარზე, ასევე დაათვალიერებინოს შემთხვევის ადგილი, სამართალდამცავების მოქმედების არეალი და მათ ყველა კითხვას ადგილზე გასცეს პასუხი.

 თავდაცვის სამინისტრო წინააღმდეგი არ არის, დაინტერესების შემთხვევაში, საქმეში ჩაერთონ დამოუკიდებელი ექსპერტები და ჩატარდეს ალტერნატიული ექსპერტიზა“.