სამართალი
კრწანისის ბაზაზე გარდაცვლილის ოჯახი თავდაცვის სამინისტროს ვერსიას არ ეთანხმება

  საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. მოკლული გიგა შენგელიას ოჯახის წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ მას იარაღი ჰქონოდა, ხოლო საუბარი თავდასხმაზე სიმართლეს არ შეესაბამება.

 მათივე განცხადებით, გარდაცვლილის ძმა გიორგი შენგელია კრწანისის ბაზაზე მსახურობდა და შესაძლებელია, ისინი მეგობრის სანახავად იყვნენ მისულები. მათი ინფორმაციით, გაქცეულებიდან ერთ-ერთი სწორედ მოკლულის ძმაა.

 „გუშაგმა განახორციელა კანონით გათვალისწინებული ყველა ქმედება. გააფრთხილა სიტყვიერად, მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენა იარაღი. გამოძიება ალბათ ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს. პროცესში შეიძლება კვალიფიკაცია შეიცვალოს, შეიძლება, გუშაგის სასარგებლოდ, შეიძლება - პირიქით“, - განაცხადა სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილმა სარდალმა ამირან სალუქვაძემ.

 თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, 03:30 საათზე კრწანისის ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და განახორციელეს თავდასხმა. გუშაგმა იმოქმედა წესდების შესაბამისად და მათი მიმართულებით მოახდინა გასროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ.