რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვიილი: რატომ ეძახიან სომხები ქართველებს “ტუტუც ვრაციებს”

  ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში თბილისელი სომხები არცთუ იშვიათად მოიხსენიებდნენ ქართველებს „ტუტუც ვრაციებად“. ეს არ იყო ბოროტებით ნასაზრდოები გამოთქმა, არამედ მსუბუქი დაცინვა ერთგვარი გულუბრყვილობისა და ალალმართლობისათვის, იმ გადაჭარბებული სტუმართმოყვარეობისა და ლმობიერებისათვის, რასაც სწორედ ქართველებისთვის მოჰქონდა ზიანი. ამიტომაც იციან ძირძველმა თბილისელებმა, რომ „ტუტუც ვრაცი“ არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ტუტუც ქართველს, არამედ ზედმეტად მიმნდობ და ზედმეტად კეთილშობილ ადამიანს, რომელიც არაერთხელ დაჩაგრულა თავისი უბრალოების გამო.

 გადიოდა წლები, მაგრამ ქართველები არ იცვლებოდნენ და მათი ხასიათის ეს თავისებურება სერიოზული ზიანის მომტანიც გახდა. ამაში ყოველთვის რწმუნდები, როცა კი თბილისის ცენტრში ჟვანიას სახლს ჩაუვლი, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიერ 2005 წელს მოკლული საქართველოს პრემიერ-მინისტრი ცხოვრობდა. ბევრმა დეტალურად იცის, რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ აი უკვე მე-12 წელია, მკვლელობა ოფიციალურად არ გახსნილა და, შესაბამისად, მკვლელიც არ დაუსჯიათ. აკი, როგორც აღვნიშნეთ, ქართველები გადამეტებულად ლმობიერი ხალხია და წარსულში მიყენებულ ტკივილსაც ადვილად ივიწყებენ. არადა, სააკაშვილმა, რომელიც არცთუ შორეულ წარსულში ჟვანიამ ამერიკიდან ჩამოათრია, მარტო ფიზიკურად კი არ მოკლა თავისი მასწავლებელი, არამედ შებილწა კიდეც მისი ხსოვნა უბინძურესი „პიკანტური“ ჭორებით და არარსებული მხუთავი გაზებით...

 თუ არა მწარე ირონია, სხვა რა უნდა ვუწოდოთ იმ ფაქტს, რომ მოკლული ზურაბ ჟვანიას საცხოვრისიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, სააკაძის მოედნის მიმდებარედ, ამაყად აღმართულა ფრიად ეკლექტური შენობა, რომლის ფასადსაც თითქოს გულუბრყვილო, მაგრამ ეგზომ პრეტენზიული წარწერა ამშვენებს - „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა“ , თანაც ერთბაშად სამ ენაზე - ქართულად, ინგლისურად და... უკრაინულად! აბა, სხვაგვარად როგორ შეიძლება, ბოლო-ბოლო, ჟვანიას მკვლელი დღეს ხომ ოდესის გუბერნატორია! რაც ყველაზე პარადოქსულია, შენობის ფასადის მარცხენა ზედა ნაწილს სააკაშვილის ხელმოწერა ამშვენებს და თითქოს შეგვახსენებს, რომ მან ასევე უდრტვინველად მოაწერა ხელი თანამებრძოლის იმქვეყნად გასტუმრებას!

 მამის მკვლელის ფაქსიმილეს ძალაუნებურად ლამის ყოველდღიურად ნახულობენ ზურაბ ჟვანიას შვილები, მისი მეუღლე, ძმა და გაუბედურებული დედა, მაგრამ ლმობიერი ქართველები მშვიდად ხუჭავენ თვალს, რომ თბილისის ცენტრში უკრაინის მოქალაქის კუთვნილი შენობიდან სისხლის სამართლის დამნაშავე და ძებნილი გვიყოფს ენას! მართალ არიან სომეხნი - ქართველებმა ყოველდღიურად უნდა იკითხონ დამთრგუნველი სიტყვები „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა“, რათა არასოდეს დაავიწყდეთ, რომ 10 წლის მანძილზე მათ ქვეყანას სულელი, ჯალათი და მკვლელი მართავდა!

 უფრო მეტიც, გასულ კვირას ქართველებს მათი გადაჭარბებული სტუმართმოყვარეობა ყელში ამოადინა ჟურნალისტმა განაპოლსკიმ, რომელიც ასევე ჟვანიამ ჩამოათრია რუსეთიდან, ყველა კარი გაუღო და ჩაისიძა კიდეც. არადა, როდესაც სააკაშვილმა სიცოცხლეს გამოასალმა ზურაბ ჟვანია, განაპოლსკიმ თვალიც კი არ დაახამხამა ქვისლის ტრაგიკულ აღსასრულზე, პირიქით შეუამხანაგდა როგორც მის მკვლელს, ასევე გვამების მოტრფიალე შინაგან საქმეთა მინისტრ მერაბიშვილს, რომელთა წყალობითაც ტელეკომპანია „პიკ-ის სანეხვეზე აყვავდა, რათა საქვეყნოდ განედიდებინა „მიშა-რეფორმატორი“!

 და აი, სააკაშვილმაც დაუფასა რა თავის ჯიბის ჟურნალისტს, უკრაინაში წაათრია გავნაპოლსკი, რათა იქიდან უხვად ენთხია ფეკალიები და გაზები ქართველთა მიმართულებით! ასე იყო წინა კვირაშიც, როცა ავყია ტელეწამყვანმა ქართველებს სულ მატყუარები, მლიქვნელები, ვაჭრუკანები და მოღალატეები ეძახა, რადგან ევროპარლამნტში უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს. „როცა თქვენ საქართველოში ჩამოდიხართ და ხაჭაპურს გაწვდიან, ღვინით გიმასპინძლდებიან და ძმობას გეფიცებიან, გახსოვდეთ, მათ, უბრალოდ, თქვენი ფული სჭირდებათ და მეტი არაფერი. ასე რომ, თუკი საქართველოში ჩამოხვალთ და ჯადოსნური ქართული მრავალხმოვანებით გიმღერებენ მარადიულ მეგობრობაზე, მიახალეთ ქართველებს უბრალო სიტყვები: გამეცალე, გენაცვალე!“.

 გესმით, რაებს ჩმახავს ეს მართლა გავნაპოლსკი?! და როგორ არ მივაძახოთ ამ მარგალიტების მთელავ ღორს წყევლანარევი ლოცვა: ეგრემც დამხრჩვალხარ ტონობით ხაჭაპურსა და მწვადში, ხინკალსა და საცივში, რითაც ამდენი წლის განმავლობაში უსასყიდლოდ გკვებავდნენ „ტუტუცი ვრაცები“ და იმავდროულად ასობით ათას დოლარს გატენიდნენ!

 და ბოლოს: საინტერესოა, რა ჰქონდა მხედველობაში თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს, როცა განაცხადა - რიზე და ბათუმი განუყოფელია, აბა, გულებში საზღვარს როგორ გაავლებო? იქნებ თურქეთის თავკაცი სწორედ გიული ალასანიასა და ფეთულაჰ გიულენის სიყვარულს გულისხმობდა, რომლის ფულითაც „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა“ აშენდა და სადაც საგულდაგულოდ ინახება წიგნები იმავე გიულენის შეგონებებით, როგორ მოვაწყოთ სახელმწიფო გადატრიალებები?!

 გიულისა და გიულენის კოჰაბიტაციის უკვდავსაყოფად სააკაშვილმა ბათუმის სანაპიროზე მუსულმან ალისა და ქართველი ნინოს ფიგურები აღმართა, რომლებიც გამუდმებით უახლოვდებიან ერთმანეთს, შედიან ერთი მეორეში და შორდებიან... კომპოზიცია „გიული და გიულენი“ იმდენად დიდია, რომ თურქეთის სანაპიროდანაც მოჩანს, თუმცა, გულუბრყვილო ქართველები მას ცხვირწინაც კი ვერ ხედავენ... დიახ, ვერ ხედავენ იმ ვეებერთელა საათის მსგავსად, რომელიც „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან“ დაუდგამთ და სინამდვილეში საათი კი არა, უბრალოდ, შენობის გარეთ გამოტანილი გაზის მრიცხველია, რომელსაც ასევე ფეთულაჰ გიულენის ნაყიდი ინსტიტუტის ფანჯრიდან გამუდმებით ადევნებს თვალს გიული ალასანია!

 ...გაჩერებული საათი და მოძრავი ქანდაკებები, ფაქსიმილიანი შენობა და უზარმაზარი ველოსიპედი ვარდების მოედანზე, რომელიც არასოდეს დაიძვრება ადგილიდან - მიამიტი ქართველები ვერ ამჩნევენ, რომ სანამ სააკაშიზმის ძეგლები ყოველ ნაბიჯზე გვეჩრება თვალში, სააკაშვილის ჩამოსვლის აუცილებლობა არ არსებობს - ის აქ არის!!!

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 24 ოქტომბერი
გაზეთი „ასავალ - დასავალი“ №43