საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. კახეთში, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 28 სამხედრო მოსამსახურე გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შედარებით მძიმედ დაშავებული 8 სამხედრო თბილისში გადმოიყვანეს, 4 მათგანი პროფესორ გიორგი ინგოროყვას სახელობის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს, 4 სამხედრო მოსამსახურე კი შპს „ტრავმატოლოგის“ რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.
ავტოსაგზაო შემთხვევა 21 ოქტომბერს დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა. ერთი სამხედრო მოსამსახურე ადგილზე გარდაიცვალა.
დედოფლისწყაროში დაუყოვნებლივ გაემგზავრა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელმაც დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა.