საზოგადოება
თურქეთის ელჩი: „ბათუმი საქართველოა, რიზე კი თურქეთი, ასე იქნება სამომავლოდ!“

  საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” განუცხადა. 

 ელჩმა კომენტარი გააკეთა ქალაქ რიზეს უნივერსიტეტში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის გამოსვლასთან დაკავშირებით, რომელმაც საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

 როგორც დღეს საქინფორმი იუწყებოდა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა რიზეში უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ფიზიკურ საზღვრებს პატივს სცემს, თუმცა "გულში საზღვრების გავლება შეუძლებელია".

 „ნუთუ შესაძლებელია რიზეს ბათუმისგან განსხვავება, ედირნესა და სალონიკის განცალკევება?", - განაცხადა, კერძოდ, ერდოღანმა.

 „ბოლო 25 წლის განმავლობაში თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა საუკეთესოა ყველა დონეზე.  ჩვენ არა მხოლოდ ვაღიარებთ, არამედ ძლიერად ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს მეზობლებს შორის თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არის კითხვები საზღვრებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ბათუმი საქართველოა, რიზე - თურქეთი და ასე იქნება სამომავლოდ. საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ამ მიმართულებით კითხვები არ არსებობს“, - განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.