საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, TAV Holding-ის ორგანიზებით, TAV-ის მმართველობაში არსებულ მედინას აეროპორტში ოპერირებადი ავიაკომპანიების გაერთიანებული კომიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
TAV Georgia-მ სტუმრებს საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალისა და კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მედინას აეროპორტის წამყვანი ავიაკომპანიები ქვეყნის ავიაბაზრითაც დაინტერესდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დისკუსიის დროს კი მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს.
3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ავიაკომპანიის წარმომადგენლები “ტავ ჯორჯიას” ორგანიზებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვევიან და ქვეყნის ინფრასტრუქტურასა და ტურისტულ პოტენციალს ადგილზე გაეცნობიან.
TAV Holding ფრანგულ კომპანია ADP-სთან ერთად მსოფლიოს 4 კონტინენტზე, 37 აეროპორტში ოპერირებს, მათ შორის - საუდის არაბეთის მედინას აეროპორტში.