საზოგადოება
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით მე-40 შეხვედრა გაიმართა

  საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე პრინციპულად დააყენეს მიმდინარე წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი და საოკუპაციო ძალების მხრიდან მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების, მისი ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემის და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

 შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2012 წელს ოკუპირებულ გალის რაიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქის ზაზა წულუკიას საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეებს გარკვეული ტიპის ინფორმაცია მიაწოდეს.

 საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ასევე მოითხოვეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ციხეში, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადაში გათავისუფლება.

 შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ის ინციდენტები, რომლებიც უკავშირდება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსწავლეებისთვის საოკუპაციო ხაზზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვას. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მომავალში ადგილობრივ მოსწავლეებს მსგავსი სახის პრობლემა აღარ შეექმნებათ.

 ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 11 ნოემბერს გაიმართება.