სამართალი
მანანა კობახიძე: საქართველო არ უნდა იყოს დამოკიდებული „მოთაფლულ“ რუსულ ბაზარზე!

  საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას იმის შესახებ, რომ მათთვის მისაღებია საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები და მზად არიან, გააგრძელონ და გააღრმავონ თანამშრომლობა საქართველოსთან ეკონომიკური კუთხით, თბილისში ეხმაურებიან.

 ვიცე-სპიკერი და “ქართული ოცნების” წევრი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის რუსეთი "დასაყრდენი" ძალა არ არის და არც იქნება.

 "მოთაფლულ შემოთავაზებაზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. ყველა საფრთხე არის გაზომილი. რუსეთის ბაზარი მთავარი და არსებითი არ არის ჩვენთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ექსპორტი გაიზრდება, ეს გამოადგება ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ამაზე დამოკიდებულები არ უნდა ვიყოთ და არც ვართ", - განაცხადა საქართველოს ძველი და ასევე ახალარჩეული პარლამენტის დეპუტატმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა „სახემ“ მანანა კობახიძემ.