უცხოეთი
ბარაკ ობამა: „რუსეთმა საქართველოში გაყინული კონფლიქტი შექმნა“

  საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, რუსეთმა საქართველოში გაყინული კონფლიქტი შექმნა. ამის შესახებ ბარაკ ობამამ იტალიის პრემიერ-მინისტრთან მატეო რენცისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რუსეთთან ურთიერთობებზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას, ობამამ აღნიშნა, რომ როდესაც ის პრეზიდენტი გახდა, რუსეთი უკვე შეჭრილი იყო საქართველოში.

 "როდესაც მე პრეზიდენტი გავხდი, რუსეთი, წინა ადმინისტრაციის დროს, უკვე შეჭრილი იყო საქართველოს ტერიტორიაზე და შექმნა იქ გაყინული კონფლიქტი. მაშინ რუსეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავდა და ჩვენ ვცადეთ, აშშ-რუსეთის ურთიერთობებში უფრო კონსტრუქციული გზა მოგვეძებნა. ვფიქრობ, ჩვენ ვაჩვენეთ რუსეთს პატივისცემა, ვაღიარეთ დიდი განსხვავება და სხვადასხვა ღირებულებები და, ამავე დროს, ვცადეთ თანამშრომლობის გზების მოძებნა",  -განაცხადა ობამამ.

 ბარაკ ობამას თქმით, რუსეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით მთავარ პრობლემას მისი აგრესია წარმოადგენს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში რუსეთის ქმედებები ანალოგიურია, რაც მან საქართველოში გაანხორციელა.

 "რუსეთთან დაკავშირებული გამოწვევა უკავშირდება რუსეთი აგრესიას მსოფლიოს გარკვეულ რეგიონებში. უკრაინაშიც კი, სადაც მათ იგივე ქმედებები განახორციელეს, რაც საქართველოში გააკეთეს, ჩვენ ევროპელებთან ერთად შუამავლობა ვცადეთ, შევიმუშავეთ მინსკის შეთანხმება, რომელმაც ეს საკითხი მშვიდობიანად უნდა გადაწყვიტოს”, - განაცხადა ბარაკ ობამამ.