საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისსა და ქუთაისში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: დ. ფ., ვ. კ., და კ. დ. დააკავეს.
ბრალდებულები, მიმდინარე წლის აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით, ათეულობით მოქალაქის პირად და საბანკო მონაცემებს მოტყუებით დაეუფლნენ. ისინი ინტერნეტ ბანკში მოქალაქეთა პირად ანგარიშებზე არსებულ თანხებს უკანონოდ ეუფლებოდნენ, ასევე, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან მოქალაქეთა სახელით სესხს იღებდნენ.
სულ, ჯამში, მოქალაქეთა კუთვნილი ანგარიშებიდან მითვისებულია 3362 ლარი, ხოლო სესხის სახით გამოტანილია 40 770 ლარი.
სამართალდამცველებმა დ.ფ-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული 19 სიმ-ბარათი, 1 პორტატული კომპიუტერი, ინტერნეტმოდემი, 2 მობილური ტელეფონი და ჩანაწერებიანი ბლოკნოტი ამოიღეს.
პოლიციამ დ.ფ-ს პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული 2 მობილური ტელეფონი და მასში მოთავსებული სიმ-ბარათები ამოიღო. ვ.კ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულია ასევე დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ერთი მობილური ტელეფონი და 2 სიმ-ბარათი.