საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ფართო კონსენსუსის საფუძველზე უნდა გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია. გახსოვთ, რომ 2010 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის თავს და პირადად მიხეილ სააკაშვილს მოარგო ეს დოკუმენტი და საჭიროა ცვლილებების შეტანა, რათა დაიხვეწოს დოკუმენტი და რათა იყოს უზრუნველყოფილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპი ჩვენი კონსტიტუციით.
ძალიან მნიშვნელოვანია ფართო ჩართულობა ყველა დაინტერესებული სუბიექტის. აქ იგულისხმება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე იგულისხმებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები. ყველას ჩართულობით უნდა გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია. უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი პროცედურები, რომლებიც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევჯერდეთ პროექტზე და ეს პროექტი შემდგომ იქნება გატანილი პარლამენტის სხდომაზე და საბოლოო ჯამში პარლამენტი დაამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროექტს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.