სამართალი
აფხაზეთში კატეგორიულად უარყვეს აფეთქების კავშირი მოტოროლასთან

  საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. მამაკაცი, რომელმაც სოხუმში ტელეცენტრის ტერიტორიაზე თავი აიფეთქა, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო ლაშქრის მებრძოლი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Caucasus Times ავრცელებს. როგორც სააგენტოს აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილის სახელი სერგეი სენკოა, ის დონეცკში სახალხო ლაშქრის მეთაურის არსენი პავლოვის, მეტსახელად "მოტოროლას" დაჯგუფების წევრი იყო. "მოტოროლა" 16 ოქტომბერს საკუთარი სახლის ლიფტთან აფეთქების შედეგად დაიღუპა.

 აფხაზეთის „უშიშროების საბჭოს“ მდივანი მუჰამედ კილბა აღნიშნულ ინფორმაიას უარყოფს.

 „მსგავსი მონაცემები ამ წყაროს არ შეიძლება ჰქონდეს, რადგან ეს გამოძიების საიდუმლოა. ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არსებობს. მე ვაცხადებდი, რომ სავარაუდოდ, იგი რუსეთის მოქალაქეა. ვერსია, რომ აფეთქება შესაძლოა მოტოროლას მკვლელობას უკავშირდებოდეს, ფანტასტიკის სფეროდანაა“, – განუცხადა აფსნიპრესს მუჰამედ კილბამ.