საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიმართვას ეხმაურება.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი იაფფასიანი კამპანია, რომელიც „რუსთავი2“-ის მეშვეობით ხორციელდება. ამაში ჩართეს ნაცმოძრაობასთან პირდაპირ ასოცირებული ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო სექტორის სახელით გამოდიან. არავითარი საფრთხე საკონსტიტუციო უმრავლესობაში არ არსებობს. პირიქით, ჩვენ დავამტკიცეთ გასული ოთხი წლის განმავლობაში, რომ მხოლოდ წინ წაყვანა შეგვიძლია ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. ეს დაამტკიცა ჩვენმა პირველმა პრემიერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც სწორედ მისი ინიციატივით შეიზღუდა პრემიერ-მინისტრის კომპეტენციები 2013 წელს. გახსოვთ თქვენ, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა მიხეილ სააკაშვილმა, მასზე იყო მორგებული მთლიანად კონსტიტუცია და ასეთ პირობებში სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიკვეცა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილებები“, – განაცხადა კობახიძემ.