საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. ბათუმის პორტში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ხომალდი “პრემიე მეტრ ლ’ერი” შემოვიდა. ფრანგული სამხედრო გემის ვიზიტი ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. გემზე ოფიციალურ მიღებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.
„ამერიკული სამხედრო ხომალდის შემდეგ უკვე ფრანგულ სამხედრო ხომალდს ვსტუმრობთ, რაც ნათელი დადასტურებაა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახელმწიფოები მხარს უჭერენ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს. ეს ასევე მკაფიო გამოხატულებაა იმისა, რომ გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით, კერძოდ, შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ფრანგებთან ერთად ვგეგმავთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ასე რომ, ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა საფრანგეთთან უფრო ღრმავდება“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
ფრანგული სამხედრო ხომალდი “პრემიე მეტრ ლ’ერი” ბათუმის პორტს 20 ოქტომბერს დატოვებს.