პოლიტიკა
ვასილ მაღლაფერიძე: „საფრთხე, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობას ეხება, გამოგონილია!“

  საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი.  “მიმდინარეობს მეორე ტური და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს აქვთ უფლება, მოიყვანონ ის არგუმენტები, რაც მათ მიაჩნიათ საჭიროდ, თან სხვადასხვა ტიპის ლამაზი ბიჟუტერიით შეამკონ ეს ყველაფერი“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. მისი თქმით, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ თავზე მოირგო კონსტიტუცია და დაარღვია ძალთა ბალანსი. ამის გამოსასწორებლად კი სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობაა საჭირო.

 “ამას ყველა კონსტიტუციონალისტი ამბობს, ვინც არ არის პოლიტიზებული, მათ შორის პარლამენტის გარეთ დარჩენილი პარტიების წარმომადგენლები, ვინც კომპეტენტურია ამ საკითხში, რომ კონსტიტუცია ნამდვილად შესაცვლელია. სააკაშვილმა კონსტიტუცია მოირგო და შემდეგ 3/4-ზე ასწია კვორუმი, რომ მასში ცვლილებები არ განხორციელებულიყო. ამის გამოსასწორებლად კი საჭიროა შესაფერისი გარემო, ამ შემთხვევაში - 3/4“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ და დასძინა, რომ ეს 3/4 ვერაფერს იზამს იმაზე უარესს, რაც ამ კონსტიტუციას უკვე სჭირს.