საზოგადოება
ზაზა გოროზია ზუგდიდის "ბაიას" ვერ პატრონობს
baia_2ზუგდიდის საფეხბურთო კლუბი "ბაია" ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. გუნდის 51 პროცენტის მფლობელია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია (ეკონომიკის სამინისტროს სახით), 49 პროცენტი კი ეკუთვნის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას. ზვიად სიჭინავა, ასე თუ ისე, ასრულებს თავის მოვალეობას, რაც გამოიხატება გუნდის ბაზით, ტრანსპორტითა და კვებით უზრუნველყოფაში; ზაზა გოროზიას მოვალეობაში კი შედის ფეხბურთელებზე ხელფასების გაცემა. არადა, ფეხბურთელებს, ხუთი თვეა, ხელფასი არ მიუღიათ. ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის – როლანდ მაქაცარიას განმარტებით, მიზანმიმართულად მიმდინარეობს "ბაიას" დაშლა. "გუნდიდან ხელფასების გაუცემლობის გამო ათამდე ფეხბურთელი წავიდა, არ არის არანაირი იმედი მდგომარეობის გამოსწორებისა, დაპირებასაც არავინ იძლევა. ჩვენ ვითხოვთ, გამოვიდეს გუბერნატორი ტელევიზიით ან შეხვდეს გულშემატკივრებს, აუხსნას და განუმარტოს, თუ რას აპირებს ან თქვას, რომ არ შეუძლია გუნდის პატრონობა და ჩააბაროს გუნდი ზუგდიდის გამგებელს – ალექსანდრე ქობალიას. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ ის ნამდვილად მიხედავს და უპატრონებს ზუგდიდის ბაიას," – აღნიშნა როლანდ მაქაცარიამ.