უცხოეთი
პუტინმა სირიაში რფ–ის სამხედრო ძალების ავიაჯგუფის განთავსების რატიფიცირება მოახდინა

  საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს სირიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების საავიაციო ჯგუფის განლაგების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე.

 ამ შეთანხმებას დამასკოში 2015 წლის აგვისტოში მოეწერა ხელი. რუსული საავიაციო ჯგუფი ამჟამად სირიის პროვინცია ლატაკიაში, ჰმეიმიმის აეროდრომზეა განლაგებული.

 შეთანხმების მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიას, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ ობიექტებს დამასკო მოსკოვს უსასყიდლოდ გადასცემს. გარდა ამისა, რუსი სამხედროები სირიის საზღვრის გადაკვეთისას საბაჟო და სასაზღვრო კონტროლს არ გაივლიან,

 მათთვის და მათი ოჯახებისთვის გათვალისწინებულია იმუნიტეტი და სხვა პრივილეგიები, ასევე თავისუფლდებიან ყველანაირი გადასახადებისგან სირიის ტერიტორიაზე.