საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი.
“ფონდმა ქართუმ” 5 თვეში მთლიანად განაახლა ამორტიზებული და ფაქტიურად დანგრევის პირას მისული შენობა.
1904 წელს აგებულ შენობაში ბათუმის მწერალთა სახლი 1957 წლიდან ფუნქციონირებს. ათწლეულების განმავლობაში შენობაში არ ჩატარებულა გამაგრებითი სამუშაოები და იყო საფრთხე, ქვეყანას კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი დაეკარგა.
საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით დეთორაძემ, აჭარის მთავრობის მეთაურთან ზურაბ პატარაძესთან და “ფონდი ქართუს” ხელმძღვანელთან ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად დაათვალიერა რესტავრირებული შენობა და მასში განთავსებული ჟურნალ “ჭოროხის” რედაქცია. მწერალთა სახლის ფუნქციონირების განახლებასთან ერთად აღდგება ჟურნალ “ჭოროხის”გამოცემაც.
ბათუმის მწერალთა სახლის გარდა, “ფონდი ქართუ” ბათუმში ახორციელებს დრამატული თეატრის რესტავრაციასა და ბათუმის რაგბის კომპლექსის მშენებლობას. პარალელურად მიმდინარეობს ბოტანიკურ ბაღში მეწყერსაშიში ზონების გამაგრება. სარესტავრაციო სამუშაოებს აწარმოებს ასოციაცია “ატუ”.