საზოგადოება
„Sputnik საქართველო“ თბილისელებს „თბილისობის“ დღესასწაულს ულოცავს

  საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველომ მულტიმედიურ პროექტში თბილისი: სიყვარულის ახსნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქის შესახებ საინტერესო ინფორმაცია შეკრიბა. პროექტი ფოტოსა და ვიდეოს ფორმატში ძველი და თანამედროვე თბილისის  ხედებს აერთიანებს, ასევე იხილავთ კლასიკოსებისა და თანამედროვე ლიტერატორების პოეტურ და პროზაულ მოგონებებს თბილისზე, რომელთა შორის იქნებიან ბელა ახმადულინა, ბულატ ოკუჯავა, ევგენი გრიშკოვეცი და სხვები. გარდა ამისა, ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა, ვირტუალურ გამოფენაზე მოხვდეს, სადაც დაათვალიერებს ილია რეპინის, ივან აივაზოვსკისა და ლევ ლაგორიოს თბილისზე შექმნილ ტილოებს. პროექტის ცენტრალური ნაწილი გახდა ვიდეოსიუჟეტი, რომელშიც თბილისელები და ქალაქის სტუმრები სხვადასხვა ენაზე თბილისს სიყვარულს უხსნიან.

 „თბილისი - ესაა ქალაქი, რომელიც თავისი სტუმართმოყვარეობითა და სითბოთი გატყვევებს. Sputnik-ი თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს „თბილისობას“ ულოცავს და უსურვებს, რომ თბილისმა შეინარჩუნოს ის განუმეორებელი ატმოსფერო და ტრადიციები, რომელიც არავის ტოვებს გულგრილს“, - განაცხადა რესურს „Sputnik საქართველოს“ ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ.