საზოგადოება
„მიხეილ სააკაშვილმა ვიღაც გიჟები მოგვიქსია და მოღალატეებს აძახებინებს“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

  საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი.  მედიაჰოლდინგ “ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი (უშიშროების საბჭოს ექსმდივნის გიგა ბოკერიას მეუღლე, რომელიც გუშინ „ნაცმოძრაობაში“ მომხდარი განხეთქილების შემდეგ პარტიის მთავარი ლიდერი გახდა) აცხადებს, რომ  „ქართული ოცნების" მხარდამჭერების შეტევების გარდა, მიხეილ სააკაშვილის მოქსეულების მოგერიებაც უწევს.

 „მარტო ქოცების თავდასხმებს კი არ ვიგერიებ, კიდევ ვიღაც გიჟები მოგვიქსია და მოღალატეებს აძახებინებს... დილიდან დაგვხვდა შეურაცხყოფების ნიაღვარი... როდესაც მეუბნები, რომ მიშას გარეშე ნული ვარ და როდესაც ზუსტად ვიცი, ვინ გასცა ეს ინსტრუქცია, აუცილებლად გაეცემა ყველაფერს პასუხი", -  წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 „ძალიან მომაბეზრებელია იმის სმენა, რომ ვიღაცის გარეშე ნული ვარ. ... ოთხი წელია, არ დამისვენია და უცებ ვიღებთ ოდესიდან ბრძანებას ღვინის ჭიქით (ჩამოვალ, ჩამოვალ, ჩამოვალ - არ ჩამოვალ შემდეგ), რომ თურმე უნდა ბარიკადებზე დავდგეთ იმიტომ, რომ ის ასე თვლის... თუ ასე თავხედობთ და დატოლებაზე წავიდა საქმე... "ეს პარტია მიშასია", "მიშას გარეშე ნულები ხართ", "მოღალატეები ხართ" არის სრულიად მიუღებელი... მიშა ვინ არის ჩვენს გარეშე?.. მიშას შექმნილი არ არის ეს პარტია. ეს პარტია არის მიშას და მისი გუნდის შექმნილი. თუ გუნდის უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ პარლამენტში არ უნდა შევიდნენ - პარტია არ შევა. თუ გადაწყდება, რომ უნდა შევიდნენ  - შევა", - წერს ჩერგოლეიშვილი.

 „იმისთვის,  რომ მათ მიერ მოგებული არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებას ეღიარებინა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ნაკლები უნდა „ებჟუტურათ" რევოლუციაზე და სისხლისღვრაზე", - ასეთია თამარ ჩერგოლეიშვილის შეფასება.