აქტუალური
შს მინისტრის მოადგილე ამერიკის შეერთებული შტატების სენატორს შეხვდა

  საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას სენატორი ჯო დონელი ხელმძღვანელობდა.

 საქართველოს შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა სტუმრებს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) საფრთხეებსა და გამოწვევებზე რეაგირების მექანიზმები გააცნეს. შეხვედრის მონაწილეები სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

 მერაბ მალანიამ ამერიკელ სტუმრებს სპეციალური ავტომანქანები დაათვალიერებინა, რომელთა მეშვეობითაც ბირთვული და რადიაციული საფრთხეების აღმოჩენა და შესაძლო წყაროების გამოვლენა ხდება.

 სენატორმა ჯო დონელიმ და დელეგაციის წევრებმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში არსებული ეროვნული ანალიტიკური ცენტრი მოინახულეს, რომელიც სასაზღვრო გამტარ პუნქტებში დამონტაჟებული რადიაციული პორტალების შედეგების ანალიზს უზრუნველყოფს. სტუმრებმა, ასევე, დაათვალიერეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სადახლო“, საზღვარზე არსებული ინფრასტრუქტურა და ბირთვული და რადიაციული საფრთხეების გამოვლენისთვის საჭირო აღჭურვილობა.