პოლიტიკა
შოთა უტიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში დამარცხებას მიხეილ სააკაშვილს აბრალებს

  საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ყოფილი ხელისუფლების დროს შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს.

 „ჩემი აზრით, რატომ წააგო "ნაციონალურმა მოძრაობამ":

 კამპანია დაიწყო კარგად, სწორი მესიჯებით ახალ სამუშაო ადგილებზე, პენსიების ზრდაზე, კანონების ლიბერალიზაციაზე და .. ყველა კვლევა აჩვენებდა, რომ რეიტინგი იზრდებოდა. ხალხმაც მეტწილად დაიჯერა ახალი სახეების.

 “ოცნების მთელი კამპანია იყო ის, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, სინამდვილეში ეს პარტია მეცოცხეების პარტიაა და მიშას უნდა, ჩამოვიდეს და ცხრა წელი დააბრუნოს. ამისთვის გადაიღო ჰეროკრატია, დაიწყო სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნება, გაუთავებელი საუბრები სახელმწიფო გადატრიალებაზე, დაკითხვები და .. საარჩევნო დაპირებები ოცნებას, ფაქტობრივად, არც ჰქონია.

 მოსახლეობა ცოტა დაიბნა, მაგრამ ოცნების მიერ დახატული კოშმარის არ დაიჯერა. სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრებს იუმორით იღებდნენ, ჰეროკრატიის რეიტინგი განულდა. თუმცა ეჭვები, სინამდვილეში ვინ არისნაციონალური მოძრაობა“, მეცოცხეები თუ ახალი სახეები, ბოლომდე არ გამქრალა", - წერს უტიაშვილი.

 მისი შეფასებით, როდესაც დადგა გადამწყვეტი მომენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანია ზეაგრესიული გახდა.

 "გამოჩნდა მიშა და თქვა, რომ ჩამოვდივარ, ჯარი და პოლიცია ჩემს მხარეზეა. ჩატარდა უზარმაზარი მიტინგი. მთელი კამპანია გადაიქცა ერთ კითხვად: ჩამოვა თუ არ ჩამოვა. აქ გაიმარჯვა "ოცნებამ". ისედაც ეჭვებში მყოფმა ხალხმა დაიჯერა, რომ "ოცნება" რასაც ამბობდა "ნაციონალებისნამდვილ მიზნებზე, მართალი ყოფილა. მესიჯის ხაზგასასმელად გივის მანქანაც კი ააფეთქეს.

 პ.ს. რა თქმა უნდა, იყო ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვაც, დაშინებაც, ტერაქტიც და სხვა ყველაფერი. მაგრამ თავიდანვე ვის ეპარებოდა ეჭვი, რომ ასეც იქნებოდა?“, - წერს შოთა უტიაშვილი.