რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “ქართული ოცნებისთვის” “ნაციონალურ მოძრაობაზე” უკეთესი ოპოზიცია არ არსებობს!

  2016 წლის 23 აპრილს საქინფორმის საიტზე გამოქვეყნდა ჩემი სტატია “ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს - ივანიშვილი თუ სააკაშვილი, სხვა პოლიტიკური პარტიები საქართველოში ჯერჯერობით არ არის”. ეს პუბლიკაცია გადაბეჭდა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო REX-მა, გაზეთმა “ასავალ-დასავალმა”(№18)  და მასმედიის სხვა საშუალებებმა.

 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა დაადასტურა, რომ ჩემი პროგნოზი გამართლდა - საქართველომ, პრაქტიკულად, ამერიკული ყაიდის ორპარტიული პარლამენტი მიიღო: ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნება” (48,67 %) და მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” (27,11 %). ბლოკი “თარხან-მოურავი - ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია”, რომელიც პარლამენტში 5,01 %-ით შევიდა, ამინდს ვერ ქმნის, სამაგიეროდ, შესანიშნავი მაჩვენებელია ხელისუფლების დემოკრატიულობისა, რომელმაც სამართლიანი არჩევნები ჩაატარა.

 ზემოთ მითითებული პროცენტების უკან საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები დგანან - პარლამენტში გასული სამი პოლიტიკური ძალის ელექტორატი, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან 3 513 884 გამომდინარე (თუ დავუჯერებთ 2016 წლის 3 ოქტომბრის ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებ), კერძოდ:

 “ქართული ოცნება” (48,67 %) - 856 529 ამომრჩეველი;

 “ნაციონალური მოძრაობა” (27,11 %) - 477 143 ამომრჩეველი;

 “თარხან-მოურავი - ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია” (5,01 %) - 88 109 ამომრჩეველი.

 ეს ნიშნავს, რომ საქართველოს თითქმის ნახევარი მილიონი სრულწლოვანი მოქალაქე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეა - მათთვის მისაღებია მართვის დიქტატორული სტილი და ისინი იწონებენ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს - უდანაშაულოთა მკვლელობას და წამებას, ბიზნესმენების რეკეტს და 08.08.08 ომს. ამიტომ “ქართული ოცნებისთვის”  შეუძლებელია “ნაციონალურ მოძრაობაზე” უკეთესი ოპოზიციის მოფიქრება - პარტიის დამნაშავეთა სამუდამო სტიგმით!

 როგორ განაწილდება სადეპუტატო მანდატები ზემოთ მითითებულ, პარლამენტში შესულ სამ პოლიტიკურ სუბიექტს შორის, დეპუტატების საერთო რაოდენობიდან  გამომდინარე (150 = 77 პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით არჩეული + 73 მაჟორიტარი)?

 პარტიული სიებით:

 “ქართული ოცნება” (38+7) – 45 მანდატი;

 “ნაციონალური მოძრაობა” (21+4) – 25 მანდატი;

 “თარხან-მოურავი - ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია” (4+1) – 5 მანდატი.

 2 მანდატის ბედი ჯერჯერობი გაურკვეველია მარნეულსა და ზუგდიდის ოლქებში დარბეული უბნების შედეგების ბათილად ცნობის გამო.

 მაჟორიტარული ოლქებიდან:

 “ქართული ოცნება”  - 23 მანდატი (კანდიდატებმა ხმების 50%-ზე მეტი დააგროვეს);

 “ნაციონალური მოძრაობა”  – 0 მანდატი;

 “თარხან-მოურავი - ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია”  – 0 მანდატი.

 ეს ნიშნავს, რომ 73-დან 50 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატებმა 50%+ ნაკლები ხმა მიიღეს, ამიტომ ამ ოლქებში მე-2 ტური გაიმართება. ამ 50 ოლქში შედის თბილისის 18 ოლქი, რადგან თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებმა   22 ოლქიდან მხოლოდ 4-ში შეძლეს 50%-ზე მეტის აღება (ოთხივე - “ქართული ოცნებიდან”).

 ამგვარად, საქართველოს პარლამენტში 98 სავარძელი უკვე დაკავებულია (75 არჩეულია პროპორციული სისემით + 23 მაჟორიტარი), თავისუფალია 52 სავარძელი, რომელიც ელოდება პარტიული სიებით არჩეულ 2 დეპუტატს და 50 მაჟორიტარს.

 იმისათვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს – 113 მანდატი (ანუ 150–დან ¾ ხმა), რომელიც აუცილებელია მთავრობის დასაკომპლექტებლად, ბიუჯეტის ფორმირებისთვის და კანონების, კონსტიტუციაში ცვლილებების მისაღებად) „ქართული ოცნებისთვისსაკმარისია შერეული სისტემით უკვე მიღებულ 68 მანდატს დაუმატოს 45 მანდატი (ან მეორე ტურში მოიგოს დარჩენილი 50–დან 45 მაჟორიტარულ ოლქში, ანდა 43 მაჟორიტარული და 2პროპორციული სისტემით, სადაც კენჭისყრის შედეგები ბათილად სცნეს დარბეული უბნების დამო).

 “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს მომდევნო პრეზიდენტს უკვე არა საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა, არამედ ახლად არჩეული პარლამენტი აირჩევს; პარლამენტი სამუშაოდ საქართველოს დედაქალაქში დაბრუნდება, რადგან პარლამენტის შენობად კონსტიტუცია თბილისში მდებარე ისტორიულ შენობას დაამტკიცებს - ახლის მაგივრად, რომელიც სააკაშვილმა ქუთაისში, დიდი სამამულო ომის გმირების აფეთქებული მემორიალის და აფეთქების დროს დაღუპული გოგოს სისხლზე ააშენა; ასევე, კონსტიტუციაში ჩაიწერება დეფინიცია, რომ ქორწინება მამაკაცისა და ქალის კავშირია, რასაც 2 წელი ეწინააღმდგებოდნენ დღეს პოლიტიკურ სანაგვეზე განთესილი ქართველი რესპულიკელები.

 მაგრამ ამისთვის “ქართულ ოცნებას” მე-2 ტურში თავისი ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზაცია დასჭირდება, რადგანაც “ნაციონალური მოძრაობის” მოტივირებული ამომრჩევლები არჩევნებზე მეორედაც სრული შემადგენლობით მივლენ, რათა თავიანთი პირველ ტურში წაგებული კანდიდატები გაიყვანონ. და კიდევ, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებს ხმას მისცემს პირველ ტურში განთესილი პარტიების - “ნაცმოძრაობის” სატელიტების ელექტორატი: ბლოკ “პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის” მხარდამჭერები და შალვა ნათელაშვილის ლეიბორისტული პარტიის ამომრჩევლები.

 რაც შეეხება  ბლოკის “თარხან-მოურავი - ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია”, ბლოკის “ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა” და საარჩევნო კომპანიიდან გასული ირაკლი ალასანიას “თავისუფალი დემოკრატების” იმედგაცრუებულ ამომრჩევლებს, ისინი, სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტურზე საერთოდ არ მივლენ.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 12 ოქტომბერი
წყარო: გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”