თამარ ჟვანიამ კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესი შეაფასა. მან ამორმჩევლებს, ასევე არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა საარჩევნო პროცესში ჩართულობისთვის. მან ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე მედიას მიაწოდა ინფორმაცია 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შესახებ.
უცვლელად გთავაზობთ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას:
„ხმის დათვლის პროცესი საარჩევნო უბნებზე დასრულებულია. არჩევნებმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა, ცალკეული გამონაკლისების გარდა, მაგრამ რაც მთავარია ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა თავისუფალ გარემოში განეხორციელებინა ხმის მიცემის უფლება, მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, ვინც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და აქტიური მონაწილეობით გამოხატა დადებითი დამოკიდებულება საარჩევნო პროცესის მიმართ. მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წევრს, თანამშრომლებს; მათ დიდი ძალისხმევა ჩადეს, რომ მაღალ დონეზე მომსახურებოდნენ ამომრჩეველს, მათ ხელი შეუწყვეს საზოგადოების ნების თავისუფალ გამოხატვას და შედეგების ასახვას. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დიდი ძალისხმევის შედეგად სხვადასხვა შეთავაზებული სერვისების საფუძველზე, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული კენჭისყრის პროცესი. ასევე უზრუნველყოფილია პროცესების ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა და ეს სახეზე იყო არჩევნების დღეს. ამასთან პროცესის მეტი ეფექტურობისთვის სამომავლოდ მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს სამუშაოები ხმის დათვლის საკანონმდებლო პროცედურების დახვეწისა და გამარტივების მიმართულებით, რისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაცია გამოხატავს სრულ მზადყოფნას, ითანამშრომლოს ყველა ჩართულ მხარესთან.
ჩვენ უკვე მოვისმინეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები, საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით. თითქმის ყველა მათგანი იყო დადებითი და პოზიტიური. იმავდროულად, მინდა მადლობა გადავუხადო არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მათი მუშაობისა და მხარდაჭერისთვის საარჩევნო პროცესში.
რაც შეეხება შედეგებს - შედეგები ხელმისაწვდომია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე და ამ ეტაპზე უკვე 3667-ზე მეტი უბნის პროპორციული სისტემის შედეგი ხელმისაწვდომია ცესკოს საიტზე. ამავდროულად 3446 მაჟორიტარული ოქმი ასახულია შედეგებში. ამ წინასწარი შედეგებიდან გამომდინარე, იკვეთება რომ 50-53 მაჟორიტარულ ოლქში, დიდი ალბათობით გაიმართება მეორე ტურები პარლამენტის არჩევნების ნაწილში.
ასევე მინდა გითხრათ, რომ უკვე განთავსებულია შემაჯამებელი ოქმები და ინფორმაცია იმ საუბნო საარჩევნო კომისიებიდან, რომელიც საკრებულოს შუალედურ და ასევე გამგებლისა და მერის რიგგარეშე არჩევნებს ეხება. შედეგები მხოლოდ ერთეული უბნების გამოკლებით არის შეტანილი და აქაც იკვეთება, რომ რამდენიმე საარჩევნო ოლქში და მუნიციპალიტეტში შესაძლოა ჩატარდეს გამგებლის არჩევნების ნაწილშიც მეორე ტური“.