პუბლიკაციები
იგნასიო სანჩეს ამორი - საბოლოო ჯამში არჩევნები იყო კონკურენტული, კარგად ორგანიზებული

  არჩევნები ძალიან კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში გაიმართა, რამაც საშუალება მისცა ამომრჩევლებს ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიეღოთ პოლარიზებულ მედიაგარემოში, - ამის შესახებ ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის კოორდინატორმა იგნასიო სანჩეს ამორიმ არჩევნების შესახებ ევროკავშირი, ნატო-სა და ეუთო-ს ერთობლივი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 მისივე თქმით, არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა ძალადობის ცალკეულ შემთხვევებს, რამაც გარკვეული ზეგავლენა მოახდინა, თუმცა რისკის ქვეშ არ დაუყენებია არჩევნები, რომელიც სხვა მხრივ ძალიან დადებითი იყო.

 „არჩევნებთან დაკავშირებით ბევრი ელემენტი იყო და მინდა რამდენიმე ასპექტს ხაზი გავუსვა. ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს ყველაფერი ეფუძნება გრძევადიანი სადამკვირვებლო მისიის მუშაობას, რომელიც აქ იმყოფებოდა ერთი თვის განმავლობაში. მათ მხარს უჭერდა 324 დამკვირვებელი 34 ქვეყნიდან, რომლებიც გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით იყვნენ მივლენილნი. საბოლოო ჯამში არჩევნები იყო კონკურენტული, ძალიან კარგად ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობდა, დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები. თუმცა, მშვიდი და ღია ატმოსფერო მაინც მოექცა გავლენის ქვეშ, რაც გამოწვეული იყო უკანონო კამპანიის წარმოებით და ძალადობის კონკრეტული შემთხვევებით. საარჩევნო ადმინისტრაცია და ამომრჩეველთა სია ნდობას იმსახურებდა”, - აღნიშნა ეუთო-ს მოკლევადიანი  სადამკვირვებლო მისიის კოორდინატორმა.

 მისი თქმით, მედია იყო პლურალისტული, მაგრამ მონიტორინგში მონაწილე მაუწყებლებს გაშუქებისას ბალანსი აკლდათ. მათ დებატების მეშვეობით სასარგებლო პლატფორმა შესთავაზეს საარჩევნო სუბიექტებს, რათა თავიანთი შეხედულებები წარმოედგინათ.

 “კენჭისყრა საკმაოდ მოწესრიგებულად გაიმართა, თუმცა ხმების დათვლა ცოტა უფრო ნეგატიურად შეფასდა კონკრეტული პროცედურული პრობლემების გამო. საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელსაც უძღვებოდა ცესკო, დროული და პროფესიონალური მეთოდებით მუშაობდა. ცესკო- მართლაც ნდობა დაიმსახურა. მინდა, რომ ცესკო- მივულოცო, რადგან მან დიდი ძალისხმევა გაწია, რომ ეს არჩევნები ასე შემდარიყო. მე ვარ პოლიტიკოსი ჩემს ქვეყანაში -ესპანეთში და ძალიან ვაფასებ იმას, თუ რამდენად ესეთი არჩევნები, როდესაც არის კონკურენტული გარემო. აღვნიშნავთ, რომ არჩევნები საქართველოში იყო საკმაოდ მშვიდი, მიუხედავად ცალკეული კონკრეტული შემთხვევებისა”, - აცხადებს  იგნასიო სანჩეს ამორი.

 ეუთო-ს მოკლევადიანი  სადამკვირვებლო მისიის კოორდინატორი აცხადებს, რომ საარჩევნო სუბიექტებს შეეძლოთ თავისუფლად წარემართათ საარჩევნო კამპანია, თუმცა არსებობს გარკვეული ბრალდებები პოლიტიკური ზეწოლის შესახებ.

 „რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, ზოგადად ის მოწესრიგებულად გაიმართა, თუმცა გარკვეული დაძაბულობა დღის განმავლობაში გაიზარდა და მოხდა რამდენიმე ძალადობრივი დაპირისპირება უშუალოდ საარჩევნო უბნებზე და უბნებს გარეთ. რამდენიმე საარჩევნო უბანზე პროცესი ჩვენი დამკვირვებლების მეირ უარყოფითად შეფასდა იმის გამო, რომ კომისიის მუშაობაში არაუფლებამოსილი პირები ჩაერივნენ. რაც შეეხება ხმების დათვლას, ძირითადად აქ პრობლემები პროცედურული საკითხების დაუცველობით იყო გამოწვეული. რაც შეეხება ჩვენს ძირითად მიგნებებს, ეს ყველაფერი ასახული იქნება ჩვენს ანგარიშში. საბოლოო დასკვნამდე მინდა თავი შევიკავოთ. რაც ეხება სხვა საკითხებს, თუ იქნება გაყალბების მტკიცებულება, ეს გამოძიებას დაექვემდებარება და რასაკვირველია ამის შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. ჩვენ მოველით, რომ არჩევნების შემდეგ გაიმართება მეორე ტური და კვლავ გაიმართება აქტიური კამპანია. ველით, რომ არ მოხდება ისეთი რამ, რაც რისკის ქვეშ დააყენებს ამ პროცესს”, - განაცხადა იგნასიო სანჩეს ამორიმ.