პუბლიკაციები
ანა გომესი - მინდა, შევაქო პროფესიონალიზმი, რომლითაც ეს არჩევნები იყო ორგანიზებული

  ეს არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდირებისთვის. - ამის შესახებ ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ანა გომესმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 მისი განცხადებით, საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგში საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. როგორც გომესმა აღნიშნა,  ასოცირების შეთანხმება, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ბოლომდე შესრულება, რეგიონული უსაფრთხოების გარემო, ენერგეტიკის განზომილება ეს ის რამდენიმე სფეროა, რომელიც წარმოჩენილია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.

 "გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გვეთქვა საქართველოს ხელისუფლებასთან და ყველა პარტიასთან შეხვედრების დროს. ევროკავშირის დელეგაცია შედგებოდა პარლამენტის შვიდი წევრისგან, რომლებიც წარმოადგენენ ოთხ უმსხვილეს პოლიტიკურ ჯგუფს. ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით წინასწარ განცხადებას, რომელიც საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის სახელით გაკეთდა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. კიდევ მინდა ხაზი გავუსვა რამდნიმე ელემენტს. უპირველეს ყოვლისა, მინდა შევაქო პროფესიონალიზმი, რომლითაც ეს არჩევნები იყო ორგანიზებული, ასევე ის, თუ როგორ მოხდა პროცესის მართვა გუშინ, მიუხედავად იმისა, რომ დათვლის დროს პრობლემები გაჩნდა, როგორც ეს აღნიშნულია წინასწარ ანგარიშში. მნიშვნელოვანია, რომ ქალების მონაწილეობა თვალსაჩინო იყო საარჩევნო უბნების მმართველობაში და ჩვენ ვისურვებდით, რომ მათი მონაწილეობა დაგვენახა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ყველა დონეზე და ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ისევე ფართო, როგორც ეს გუშინ ვნახეთ და რომ პოლიტიკური პარტიები აუცილებელ ნაბიჯებს გადადგამენ ამ მიმართულებით",- აღნიშნა გომესმა.

 მისივე განცხადებით, ერთი ასპექტი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული არჩევნების ადმინისტრირების დროს მომავალში,  არის ის, რომ პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აღარ იყვნენ ასეთი დიდი რაოდენობით საარჩევნო უბნებზე, რომ უბნები არ გადაიტვირთოს და ამან ხელი არ შეუშალოს საარჩევნო პროცესებს.

 "ზოგადად კენჭისყრის დღეს ძალინ უმტკივნეულოდ გაიმართა, ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია იმის ფონზე, რომ გარკვეული ძალადობრივი შემთხვევები მოხდა წინასაარჩვენო პერიდოში, კერძოდ კი ააფეთქეს არჩევნებში მონაწილე პარლამენტარის მანქანა. ხელისუფლება ცდილობდა, რომ წესრიგი შეენარჩუნებინა, მაგრამ პოლიტიკური პარტიების მორალური ვალდებულებაა, რომ წვლილი შეიტანონ კამპანიის მშვიდ ტონში. ძალადობის ყველა შემთხვევა გულმოდგინედ უნდა იყოს გამოძიებული დაყოვნების გარეშე და სამართლის დამრღვევი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ, კორცხელის ინციდენტის ჩათვლით. დაუსჯელობა მიუღებელია და იქნება მიუღებელი. ამას გარდა, უკანონო ჩანაწერების გავრცელება არღვევს ადამიანების პირად ცხოვრებას, ამან ასევე გავლენა მოახდინა საარჩევნო პროცესზე და მოხდა ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე. რაც შეეხება არჩევნების პროცესებს, ეს ჯერ არ დამთავრებულა, უნდა მოხდეს ხმების დათვლა და შეჯამება და საბოლოოდ შედეგების გამოცხადება. იმისთვის რომ დავუპირისპირდეთ ყველა სპეკულაციას, ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ყველა დონეზე იყოს გადამოწმებული შედეგები და გამოქვეყნდეს, როგორც კი იქნება ხელმისაწვდომი ცესკოში. მინდა ხაზი გავუსვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ პროცესებში იდეების გაზიარება. ჩვენ გაგვაოცა იმან, რომ ძირითადი პარტიების ლიდერებს შორის დებატები ვერ გაიმართა. შიძლება ამას თავისი მიზეზები აქვ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ დებატები ეს არის სწავლის პროცესი დემოკრატიაში და რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება, მოუსმინონ პროგრამებს და შეხედულებებს, რომელთა მიმართ მათ შესაძლოა სხვა აზრი გააჩნდეთ. და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ დიდი დისბალანსი გამოვლინდა ფინანსების მოძიებაში. ეს მართლაც ძალიან გამაოგნებელია. საქართველომ ამბიციური ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, რათა უზრუნველყო თანაბარი პირობები სხვდასხვა მონაწილე მხარისთვის. რაც შეეხება ძალადობის შემთხვევებს, რომლებიც განხორციელდა კამპანიის ბოლო კვირას, დაშინების და ძალადობის ფაქტებს, ამასტან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ თავიდან იქნას აცილებული ძალადობის ესკალაცია ასევე არჩევნების მეორე ტურის განმავლობაში. ეს არის შესაბამისი უწყებებისა და მონაწილე მხარეების ვალდებულება, რომლებმაც ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ძალადობა შემცირდეს",- განაცხადა ანა გომესმა.