საქართველოში ხვალიდან ისევ გამოიდარებს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოს ტერიტორიაზე გამოიდარებს. „ამ დროისთვის ნალექი თოვლის სახით ბოლნისსა და გორშია შენარჩუნებული. ღამის განმავლობაში მცირე თოვლი თბილისშიც მოსალოდნელია, თუმცა ხვალიდან 15 იანვრამდე ქვეყნის მასშტაბით უნალექო ამინდი იქნება.
ამასთან, ღამით ყინვა გაძლიერდება. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში +9 გრადუს ცელსიუსი, დასავლეთში კი + 13 იქნება,“ – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უჩვეულოდ თბილი ზამთრის პირობებში გასულ ღამეს თბილისში პირველი თოვლი მოვიდა. ამასთან, კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე, ჯვრის უღელტეხილთან მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია. ადგილზე 24 საათის განმავლობაში მობილიზებულია სამაშველო სამსახურები.