საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მარნეულში, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჰმედ იმამყულიევის მხარდამჭერები სიტუაციის ხელოვნურად არევას ცდილობენ.
როგორც კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მარნეულში 100-მდე მხარდამჭერია შეკრებილი და ისინი არეულობის პროვოცირებას ცდილობენ.
„ჩვენი ინფორმაციით, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი აჰმედ იმამყულიევი და მისი მხარდამჭერები სიტუაციის ხელოვნურად არევას გეგმავენ. ისინი პოლიტიკური დაპირისპირების პროვოცირებას ცდილობენ. ეს ხდება სოფელ ყიზილაჯლოში. კერძოდ, 48-ე, 49-ე და 59-ე უბნებზე, სადაც წინასწარი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი აგებს არჩევნებს. 100-მდე მხარგამჭერია შეკრებილი და ისინი არეულობის პროვოცირებას ცდილობენ. მოვუწოდებთ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს და იმამყულიევის მხარდამჭერებს, რომ ნუ მოაწყობენ არეულობას, ხელოვნურად დესტაბილიზაციიას ამ კონკრეტულ სოფელში“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოუწოდა, ნუ აყვებიან პროვოკაციას და ძალადობის შემთხვევაში, ძალადობით ნუ უპასუხებენ.
„ჩვენ მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რომ არ აყვნენ ისინი არცერთ შემთხვევაში პროვოკაციას და არავითარ შემთხვევაში, ძალადობას არ უპასუხებენ ძალადობით. რაც მთავარია, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ჩაერიონ ამ პროცესებში და სიტუაციის განმუხტვა უზრუნველყონ“, - განაცხადა კობახიძემ.